otar rurua-ის ბლოგები

otar rurua
32, ფოთი, საქართველო

რა მინდა? - მინდა მყავდეს შვილები, -
ცოტნე, დავითი, ნინო, თამარი,
ოთხივე იყოს ერის იმედი,
აი, ეს არის ჩემთვის მთავარი.

მჯერა, დამრჩება შთამომავლობა,
ჩემთვისაც რეკენ ზარზმის ზარები,
მე გამახარებს ერის მრავლობა
ვაჟკაცებით და ლამაზმანებით.

დაემხო ტროა, გაქრა თრაკია,
ჩვენ კი ვარსებობთ მადლით ბუნების,
დამილოცნიხართ, ჯიშ - ჯილაგიანს
დიდგორ და შამქორმოგებულების.

მეც მეყოლება ალბათ შვილები, -
ცოტნე, დავითი, ნინო, თამარი,
მართლმადიდებელს უფლის იმედით
ამისრულდება ნატვრა მთავარი.

რომც ვერ დავტოვო შთამომავლობა,
მიჯრით ჩამიქრეს ყველა სანთელი,
ყოველთვის ვეტყვი ქრისტეს მადლობას,
მისი წყალობით მქვია ქართველი.

ვიდრე ვჯანმრთელობ, ამ ქვეყანაში
გული ღიღინებს სიმღერებს მეგრულს,
თუკი დამჭირდა, როგორც თარაში,
სიყვარულისთვის შევტოპავ ენგურს.

ბარი კარგია, მაგრამ მთებშია
თავისუფლება, მგლის ზრდიან ლეკვებს,
დამეთანხმებით, სულ სხვა ეშხი აქვს
თუშურ, მთიულურ, ხევსურულ ცეკვებს.

ისევ ვკითხულობ ვაჟას... გაბრიელ
ჯაბუშანურის არხოტიც მიყვარს,
ანგარიშს ვუწევთ მრავალჟამიერ,
პოეტის ნათქვამ ძარღვიან სიტყვას.

თუმც გამიგრძელდა ლექსი... მერე რა,
მირჩევნის გრძლად ვთქვა ზოგჯერ სათქმელი,
ეგ სიტყვები რომ არ დამეწერა,
არ ვიქნებოდი მაშინ ქართველი.



ოთარ რურუა


2019


ცოლი არა მყავს... არც შვილი,
ისევ მარტო ვსვამ ხვანჭკარას,
ჩემს მარტოობას არ ვჩივი,
იასამანიც დამჭკნარა.

ვკითხულობ ომარ ხაიამს,
ცრემლით სველდება თვალები,
მირჩევნის მის რობაიებს
,,ღვინო, დუდუკი, ქალები“.

მერი, მედეა, ნათია,
ლილე, შორენა, თამარი,
ყველა იმისთვის ანთია,
ქვეყნად რაც არის მთავარი.

სულ რომ მიყვარდეს, - ის მინდა,
გული მაქვს მართლა ალალი,
ანდამატივით მიზიდავს
დღემდე ლამაზის დალალი.

მინდა წავიდე წინ მხოლოდ,
მისხალს შევმატო მისხალი,
ჩემთან რომ უნდა იცხოვროს,
ჯერ კიდევ არ ჩანს ის ქალი.

ვარ ჯერჯერობით უცოლო,
დარდებს გავატან ყვირილას,
სიყვარულს მაინც ვუმღერებ,
თუნდაც დამიჭკნეს გვირილაც.



ოთარ რურუა


მომენატრე ჩემო შვილო,
დამისველა ცრემლმა სახე,
დედის მკერდით გამოზრდილო -
ორი დღის წინ სიზმრად გნახე.

მშობელს გულში მიხუტებდი,
ხასიათით რადგან მგავდი,
თვალწინ მიდგას ის წუთები,
ბუხრის პირას ლექსს რომ თხზავდი.

გეღირსება მისი ნახვა,
მანუგეშებს მამაშენი,
ეჰ, რას ვიზამთ... უფალთან ხარ
წუთისოფლის განაჩენით.

გვენატრები ჩვენო შვილო,
გვისველდება ცრემლით სახე,
დედის მკერდით გამოზრდილი
მიწავ! კარგად შეინახე.

ოთარ რურუა

2016 წელი.


ფოტოგრაფია ყოველთვის მხიბლავდა...
მიყვარს ნიჭიერი ხალხი, განსაკუთრებით ხელოვანები...
ცოლი რომ მყავდეს, ალბათ არასოდეს დავუშლიდი
კამერის წინ გაშიშვლებას,
რადგან ამასაც თავისი ხიბლი აქვს!


გოგოვ! იგეთი კარგი ხარ -
შენსკენ გამირბის თვალები,
გულში იმ ერთი შეხედვით
მეც გამიჩინე ალები.
რა ვქნა თუ ვნება მახელებს,
წამებს მისდევენ წამები,
მსურს ბაგით დამაკოცნინო
მაგ შენი ძუძუსთავები.
თუმც თამამი ვარ ხანდახან -
ზოგჯერ მზერითაც მიმონებ,
თავხედობაში ნუ ჩათვლი
ალალად ნათქვამ სტრიქონებს.


მახსოვს ის წელი, როცა გათხოვდი,
ჯვარს რომ იწერდი ქართულ ტაძარში,
მე თეთრი კაბით დამამახსოვრდი,
ისე ბრწყინავდი იმ თეთრ კაბაში.
ხარ მთის შველივით ნაზი... უმწიკვლო,
ვარ მოხიბლული, როგორც თარაში,
შენ შეგიძლია მზესაც უცქირო,
მზეც კი ვერ გრჩდილავს ამ ქვეყანაში.
ბედნიერია ვის მკლავზეც წევხარ,
ტუჩის ყულაბას გივსებს კოცნებით,
ვისი სიცოცხლის წყურვილიც შენ ხარ,
გული იჯერა შენზე ოცნებით.
მახსოვს ის წელი, როცა გათხოვდი,
ჯვარს რომ იწერდი ქართულ ტაძარში,
მეც თეთრ კაბაში დამამახსოვრდი,
ღვთისმშობელს ჰგავდი იმ თეთრ კაბაში.

ოთარ რურუა


გული ზღვასავით მიღელავს,
ხარ ჩემი სულის ნაჟური,
მსურს შენთვის ვჭექო სიმღერა -
ესოდენ გარიჟრაჟული.
''მინდა გაკოცო, მაკოცო'',
კოცნით აგივსო თვალები
და ერთხელ კიდევ დავლოცო
ის შენი ნატერფალები.
არ ვიცი, გითხრა მეტი რა,
ეშხით დამდაგე ყმაწვილი,
მე - შენი ცრემლის წვეთი ვარ,
შენ - ჩემი სულის ნაწილი.


განსაცდელშია მუცოს ხეობა,
ამას გაჰყვირის პოეტიც მუდამ,
თუ გვინდა ქვეყნის კეთილდღეობა -
ძირძველ მუცოსაც მიხედვა უნდა.
განსაცდელშია კოშკები მუცოს,
დაიაურიც გაჰყვირის ამას,
არ უნდა გახდეს ჩვენთვის მთა უცხო,
მის იარებსაც დავედოთ წამლად.


(1991 წელს სოხუმში ვისვენებდი მშობლებთან ერთად... მას შემდეგ სოხუმი თვალით აღარ მინახავს).


თუმცა ოც წელზე მეტი გავიდა -
კვლავ თვალწინ მიდგას სოხუმის ხედი,
ჩვენი ცხოვრება სხვა გზით წავიდა,
შორს გაგვიფრინდა მშვიდობის მტრედი.
თუმცა ოც წელზე მეტი გავიდა -
სოხუმს პალმები კვლავაც მელიან,
უაფხაზეთოდ ჩრდილიც არ მინდა,
უაფხაზეთოდ ყოფნა ძნელია.


იას ვეფერე ტურფასა,
როგორც ფშაველი მგოსანი!
შემციცინებდნენ შორიდან:
ვარდი, ყაყაჩო, სოსანი!
მესალმებოდა... არჩევანს
არ მიწუნებდა შროშანიც!
ამას ყველაფერს ამჩნევდა
ეს თვალი პატიოსანი!


← წინა 1 2 3 4 5 ... 11 შემდეგი
ბლოგები
ბლოგების განახლება ხდება ყოველ 5 წუთში