02.06.2020
...
38, თბილისი, საქართველო

* * *


გიშვებ. სამყარო დიდი არის, კი არ გაშინებ -

გიშვებ რომ იშვე შენ ხელახლა ცის ქვეშ და მზის ქვეშ,

ხელს კი არ გიშვერ, გიშვებ მეთქი, ღამის საგიშრე

ტბები დამიშრა, ცრემლიც არ მაქვს - უცრემლოდ გიშვებ.


მიყვარხარ მთელი ამოსუნთქვით, ჩასუნთქვით, შიშველ

ტკივილით ძილში, ღვიძილში და მე გიშვებ იმ შენ 

ერთადერთ გზაზე, ვიწრო გზაზე და ეს კი ნიშნავს,

რომ შენს საკუთარ სიღრმეში და წიაღში გიშვებ.


სახლში დაბრუნდა ღვთისმშობელი გოლგოთის მერე,

ჯვარცმის საღამო მიიწურა და ალბათ ნივთებს

(რაზეც ნაკლებად საუბრობენ, ფიქრობენ, წერენ)

ადგილს უცვლიდა, ალაგებდა და წმენდდა იმ დღეს.


ათი მცნებით ვართ აკრძალულნი, ათი უძირო,

უკიდეგანო უფსკრული წევს ჩვენ შორის, შიშებს

ათასგვარს აღძრავს იგი ჩვენში - უღრმესს, უმძიმესს

და ამიტომაც სხვა რა გზაა - მე, სახლში გიშვებ.


ბედნიერება ცრურწმენაა, ნუ ჩაეფლობი

ამ ძველ ჭაობში, ნუ კითხულობ მის მაცდურ ნიშნებს,

ეს მე კი არა,  სიყვარულის შეუძლებლობა

თავის ვეება მოქნეული ფრთებიდან გიშვებს.


გფარავდეს თვითონ ღვთისმშობელი და ასეც იზამს

ჩემი ჩარევის, ხვეწნისა და თხოვნის გარეშე,

სადმე შევხვდებით სიკვდილამდე ცხადში ან სიზმრად

და ჩავიხედავთ ერთმანეთის დამშრალ თვალებში.


..... 

15 ნახვა
 
კომენტარები
oolala 12.08.2020

siyvaruli arsebobs,radgan ibadeba,mere ki kvdeba.

ბლოგები
ბლოგების განახლება ხდება ყოველ 5 წუთში