18.05.2019
#bavshvi
35, ქუთაისი, საქართველო

1. გიჩნდება ერთი დიიიდი სუსტი წერტილი.

2. ბავშვის გაჩენის წამიდან თავი გმირი ხან გგონია, ხან უსუსური არსება, ხან რობოტი, ხან ალქაჯი, ხანაც არავინ.

3. ემშვიდობები თავისუფალ დროს და პირად სივრცეს.

4. შესაძლებელია ცალი ხელით: ჭამა, სახლის დალაგება, ჭურჭლის გარეცხვა, კბილების გახეხვა, მაკიაჟის გაკეთება, მუშაობა, გაუთავება, ამ სტატუსის დაწერა და ა.შ.

5. არსებობს რამდენიმე სახის ტირილი - კივილი, ჭუჭყუნი, წუწუნი, ზუზუნი,პროტესტი, ჩივილი, სოსკამინდა ტირილი, ვინმემამიყვანეთ ტირილი, მშიატირილი, მინდადავტირივარ ტირილი, ყურადღებამომაქციეთ ტირილი, მართლატირილი.

6. ხდები სასტიკად მოწყვლადი და ადვილი მსხვერპლი გარკვეული ბიზნესებისათვის, რომლებიც ვაჭრობენ სათამაშოებით, სხვადასხვა საბავშვო დეკორაციით, ფოტოსესიებით, ათასგვარი გამოუსადეგარი ხარახურით, რომლებსაც არანაირი დანიშნულება არ გააჩნია, მაგრამ მაინც ყველაფერს ყიდულობ.

7. აღარ გახსოვს როდის იყიდე ბოლოს რაიმე შენთვის.

8. შესაძლებელია 3 საათში გამოძინება.

9. შესაძლებელია სახლში მოჩვენებასავით გადაადგილება, როცა ბავშვს სძნავს.

10. შესაძლებელია ისეთმა ფაქტმაც კი გაგაბედნიეროს, როგორიც ბავშვის კუჭში გასვლაა.

11. რამდენიმე წლით ადრე უნდა დაგეწყო ფულის გროვება პამპერსებისათვის.

12. შენი შვილის თითოეული აღუს, ამოსუნთქვისა თუ ფეხის გაქნევის შესახებ უყვები ყველას და საერთოდ ვერ ამჩნევ, რომ ეს მათ ისევე არ აინტერესებთ, როგორც შენ არ გაინტერესებდა სხვა ბავშვების.

13. გავიწყდება როგორ ღიზიანდებოდი სხვები დღეში ბავშვის მილიონ ფოტოს რომ აქვეყნებდნენ და შენც მასე იქცევი.

14. ერთი შეხედვით ხვდები რა აწუხებს და რა უნდა ბავშვს.

15. სუნავ მის ტანსაცმელს და კოცნი სურათებს.

16. საშინლად გენატრება როცა სძინავს.

17. არსებობს ადამიანი, რომელსაც ღამეში 15-ჯერ გაღვიძებას პატიობ და მეტიც - მაინც გიყვარს.

18. გგონია, რომ ყველაზე ლამაზი, ჭკვიანი და ნიჭიერი შვილი შენ გაგიჩნდა.

19. გიხდება ორბის მზერა, ძაღლის ყნოსვა, გეპარდის სისწრაფე, ლომის ძალა, გველის მოქნილობა და კურდღლის გული.

20. ჩიტები გალობას დილის 5-ის ნახევრიდან იწყებენ.

21. თურმე უამრავი საბავშვო სიმღერა გცოდნია.

22. გიჩნდება ზებუნებრივი ძალები, რასაც დასვენების აუცილებლობა მინიმუმამდე დაჰყავს.

23. ყოველ დღე აღარ ისმენ კითხვას - „ორსულად არ ხარ?“ რჩევას - „ამა და ამ ექიმთან მიდი, სასწაულებს ახდებს“, ნუგეშს - „როცა უფალი ინებებს მაშინ იქნება,“ „ჩემი მაზლის მეზობლის მულს 9 წელი არ ჰყავდა და ახლა ანგელოზივით ბავშვი ჰყავს, თან ბიჭი!“ და ბოლოს დატუქსვას - „არ შეილება მასე, ღმერთს ნუ სცოდავ, ოჯახში ბავშვი აუცილებელია!“

24. ყოველ დღე ისმენ კითხვას - „მეორეს როდის აპირებ?“

25. არსებობს გოგოს და ბიჭის პამპერსი.

26. თურმე შესაძლებელია დილიდან საღამომდე უახლოეს პარკში იჯდე და თურმე არსებობენ სხვა ადამიანებიც, რომლებიც ასე იქცევიან.

27. ცხოვრებაში ორ ადამიანში უნდა გაგიმართლოს - ქმარში და პედიატრში.

28. შენს ჩანთაში სარკეს, პომადას, ტუშს, ბლოკნოტს, ყურსასმენებს და სუნამოს ანაცვლებს სოსკა, პამპერსი, ჩხრიალა სათამაშო, სადორბლე, ბავშვის სათადარიგო ტანსაცმელი და სათადარიგოს სათადარიგო ტანსაცმელი.

29. როცა ბავშვი თავისთვის, წყნარად არის და გინდა, რომ მასე გაგრძელდეს, არასოდეს უნდა შეხედო თვალებში!

30. წევრიანდები დედების ჯგუფებში. შედეგად იღებ ცოტა სასარგებლო და ბეეეევრ უსარგებლო ინფორმაციას.

31. გგონია, რომ შენი შვილი სულ მშიერია.

32. ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ერთადერთი რამ გაქვს საოცნებო - ძილი.

33. ის რომ ტირის, შენც გეტირება.

34. ქვეყანა არ არის გათვლილი დედებზე.

35. ნანობ ადრე რომ კიცხავდი ქალებს, რომლებიც შვილს ხალხში აჭმევდნენ.

36. აფთიაქში ისეთი სიხშირით ხარ, ხალხს თანამშრომელი ჰგონიხარ.

37. ყველას ეჭვის თვალით უყურებ, ვინც ბავშვს ეკარება და გგონია შენსავით ვერავინ მოუვლის.

38. ყველაზე კარგად შენსავით ახალბედა დედებს უგებ/გიგებენ.

39. საკმარისია მამამ ერთხელ დაიტოვოს ბავშვი და ყველას თვალში გმირი ხდება. საკმარისია ერთხელ აჭამოს, დაბანოს, ან პამპერსი გამოუცვალოს და უკვე ყველასთვის საოცნებო მამაკაცია.

40. დასაქმებული დედა-განხეულებული სასწაული; ორ ადგილას დასაქმებული დედა-ზეციური ძალების არსებობის დასტური; სამ (და მეტ) ადგილას დასაქმებული დედა - პარანორმალური მოვლენა.

41. ვერ ხვდები რას უშვებოდი ამდენ თავისუფალ დროს ადრე.

42. პირველი სიცხე... ამისათვის მომავალ დედები ფსიქოლოგიურ მომზადებას რამდენიმე წლით ადრე უნდა იწყებდნენ.

43. ლაპარაკობ მრავლობითში - ვჭამთ, გვძინავს, მუცელი გვტიკვა, აცრა გავკეთეთ და ა.შ.

44. როგორ ხასიათზეც ხარ შენ, ისეთ ხასიათზეა ბავშვიც.

45. ყოველ წამს ხვდები, რომ ის შენზე ჭკვიანია.

46. თუ კარგი შვილი გინდა, ჯერ თავად უნდა გახდე კარგი.

47. გინდება ყველაფერი დაიკიდო, რისთვისაც მთელი ცხოვრება გიწვალია და გიშრომია, როცა ბავშვი პირველად გამოგეტირება, ან როცა შენი სახლში მისვლით სიხარულს ჭყლოპინით, ხელ-ფეხის ქნევით, თავისებური ჩახუტებებით, შენი სახის დალოღვნით (რასაც შენ კოცნას არქმევ) და ზოგჯერ ნაწყენი ტირილით გამოხატავს.

48. ვერ ხვდები სად ეტევათ ამდენი სიყვარული მრავალშვილიან მშობლებს.

49. სამყარო იყოფა ორად - ის და დანარჩენები.

50. შენთვის წელთაღრიცხვა მისი დაბადებიდან იწყება.

1 ნახვა
 
კომენტარები

კომენტარები ჯერ არ არის.
იყავი პირველი - დაწერე შენი კომენტარი

ბლოგები
ბლოგების განახლება ხდება ყოველ 5 წუთში